2023-10-09

ათეამ, ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, მიმართულებით, საუკეთესო პროექტების მქონე მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ანტი-დისკრიმინაციისა და ინკლუზიის ხელშეწყობისთვის განხორციელებული საუკეთესო პროექტების მქონე მუნიციპალიტეტები დააჯილდოვა.
სპეციალური სიგელები პროექტის ,, მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ სამიზნე სამ მუნიციპალიტეტს, ოზურგეთს, დმანისს და დედოფლისწყაროს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი, რომელმაც პროექტის ერთი კომპონენტი მოიცვა, კარგი პრაქტიკის გაზიარებისა და მუნიციპალიტეტების მოტივაციის ამაღლების მიზნით ჩატარდა და მასში მონაწილეობის სურვილი, შესაბამისი პროგრამების მქონე თერთმეტმა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა.
პროექტი მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური ჩარჩოების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და მათი ეროვნული ასოციაციის მხარდაჭერას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელშეწყობას, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე რეალური გავლენის მოხდენის მიზნით.
დაჯილდოების ცერემონიამდე ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ნიკო თათულაშვილმაათეას ადამიანის უფლებების ლოკალიზების კომიტეტის თავმჯდომარემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისის წარმომადგენელმა, ნინო გელაშვილმა და ათეას აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ტატიანა ბოკუჩავამ.
გამომსვლელებმა, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს და ადამიანის უფლებებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხების მიმართულებით, საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის ექსპერტმა, ნინო ზურაბიშვილმა კი, მონაწილეებს გააცნო აღნიშნულ პროექტში ჩატარებული საუკეთესო პრაქტიკის მეთოდოლოგია და შედეგები, რის საფუძველზეც მოხდა გამარჯვებული მუნიციპალიტეტების გამოვლენა.
აღნიშნული ღონისძიება, ათეას პარტნიორობით მიმდინარე პროექტის -“საქართველოში ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება“ ფარგლებში მოეწყო, რომელიც ევროპის საბჭოს 2020-2023 წ. წ. საქართველოს სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის, დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის მიერ და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Scroll to Top